ძვირფასო კოლეგებო!
გაცნობებთ, რომ 2024 წლის 26 იანვარს საქართველოს სტომატოლოგთა საზოგადოების წარმომადგენლებს და პროფესიული განვითარების სააგენტოს კვალიფიკაციების და პარტნიორობის განვითარების გუნდს შორის შედგა შეხვედრა, რომლის მიზანს წარმოადგენდა პროფესიულ საგანმანათლებლო სისტემაში (კოლეჯები) ექიმის ასისტენტის და დენტალ-ჰიგიენისტის კვალიფიკაციის დანერგვის საჭიროების განხილვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის, საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის, საქართველოს ორთოდონტთა ასოციაციის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლები. პროფესორები: მარინა მამალაძე, ვლადიმერ (მამუკა) მარგველაშვილი, მანანა ივერიელი, მანანა კალანდაძე, ნინო აბაშიძე, ნანა ყიფიანი, სამსონ მღებრიშვილი, ლია სანოძე, ნინო წილოსანი და ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგიდან ირინე ბერკაცაშვილი.
უნარების სააგენტოს მხრიდან კი - ნინო კაკულია, თამარ რუხაძე და ოლიკო ბაზლიძე.
ქალბატონმა ნინო კაკულიამ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ახლად დაარსებული უნარების სააგენტოს მიზნები და ფუნქციები, სხვადასხვა დარგში მოთხოვნადი, ბაზრისთვის საჭირო შუალედური რგოლის, კოლეჯების ბაზაზე პროფესიული კადრების მომზადებისათვის ხელშეწყობა. კერძოდ, სტომატოლოგის ასისტენტის და დენტალური ჰიგიენისტის მომზადების აუცილებლობა - წარმოადგინეს რა სამუშაო პროგრამა.
დამსწრე სტომატოლოგებმა ერთხმად აღნიშნეს კოლეჯებში სტომატოლოგის ასისტენტის, ასევე, სამედიცინო დანადგარების ტექნიკოსის და კბილის ტექნიკოსის მომზადების საჭიროება.
სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა სტომატოლოგთა მოსაზრება კოლეჯებში დენტალ ჰიგიენისტის მომზადების შესახებ. წარმოდგენილი პროგრამის მიხედვით მათ სამწლიანი სწავლების შემდეგ მიენიჭებათ პირის ღრუში მუშაობის უფლება, კერძოდ: აკეთებს აპლიკაციურ, ინფილტრაციულ ანესთეზიას; აწარმოებს პირის ღრუს კიბოსწინარე და ონკოლოგიური დაავადებების სკრინინგს; იცის პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმსივნური და პრე-სიმსივნური დაავადებების გამომწვევი რისკ ფაქტორები; ადგენს პაციენტის სტომატოლოგიური ჯანმრთელობის სტატუსს და სვამს დიაგნოზს; იცის კიბოსწინარე და ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა, ძვალში მიმდინარე პათოლოგიური პროცესების წაკითხვა,ქირურგიული მკურნალობის აუცილებლობა და შეფასება: აბსცესი, ფლეგმონა, პერიდონტიტი, კბილის ფესვის კისტა; აცილებს ღრძილქვეშა რბილ, მაგარ, პიგმენტურ ნადებს კბილებიდან და ხელოვნური კონსტრუქციებიდან; იცის ღრძილზედა და ღრძილქვეშა ნადების ცალ-ცალკე მოცილების ჩვენებები და უკუჩვენებები; იცის იმპლანტების მიდამოში სპეციალური ინსტრუმენტების და მასალების შერჩევა და გამოყენების წესები; იცის ღრძილქვეშა ულტრაბგერის, ღრძილქვეშა ფხვნილების და ხელის ინსტრუმენტების, უნივერსალური კიურეტები და ზონასპეციფიური კიურეტების შერჩევა, გამოყენების ტექნიკა და მოვლა - ექსპლოატაცია; იცის გინგივიტის მკურნალობა; ავლენს ფისურების ჩაბეჭდვის საჭიროებას; იცის კბილის ჩაბეჭდვისთვის საჭირო მასალების შერჩევა და გამოყენების წესები; ახდენს კბილის ზედაპირის გრავირებას; განსაზღვრავს კბილის საოკლუზიო ზედაპირის სიმაღლეს; იცის კარიესის ლაქის სტადიაში დიგანოსტიკა, სამკურნალო საშუალებები, შემადგენლობა, მოქმედების მექანიზმი; იცის მინიმალური ინვაზიით მუშაობა სტომატოლოგიაში(MIC in DENTISTRY ,,BRUsh-on Thrapies); იცის ვერცხლის დიამინ ფტორიდის გამოყენება(SDF); იცის რეზინის ბაზაზე დამზადებული თხევადი ინფილტრატებით კბილის მაგარი ქსოვილების გაჯერება(DMG Icon); ადგენს კბილების გათეთრების საჭიროებას; გასცემს სახლის პირობებში კბილების გათეთრების დანიშნულებას; იცის ქიმიური გათეთრების საშუალებების გამოყენება. განსაზღვრავს იმპლანტის ირგვლივ ქსოვილების ჯანმრთელობის სტატუსს; იცის პერი იმპლანტ მუკოზიტის და პერი იმპლანტიტის დიფერენციალური დიაგნოსტიკა; იცის ძვლის დონის და ჯანმრთელობის შეფასება იმპლანტის გარშემო რენტგენოგრამაზე.დენტალ-ჰიგიენისტის პროფესიულ მოვალეობებში, ამოცანებსა და ცოდნაში არაპროპორციულად და დაუსაბუთებლადაა დუბლირებული დიპლომირებული სტომატოლოგის უმაღლესი საგანმანათლებლო სტანდარტით გათვალისწინებული სწავლის შედეგები. დენტალ-ჰიგიენისტის პროფესიის პროგრამის რიგი სწავლის შედეგები ბადებს კითხვას - რით განსხვავდება დენტალ-ჰიგიენისტის კომპეტენცია თერაპევტ-სტომატოლოგის კომპეტენციისაგან? როგორ და რა მექანიზმით დარეგულირდება დენტალ-ჰიგიენისტის საქმიანობის არეალი?
სამწლიანი საშუალო სპეციალური განათლების მქონე დენტალ-ჰიგიენისტის სპეციალობის დამკვიდრებით, არა მხოლოდ თვალნათელს ვხდით თერაპევტი სტომატოლოგის საეჭვო საჭიროებას, არამედ ვუბიძგებთ 3 წლის განათლების მქონე პირს სამედიცინო საქმიანობა განახორციელოს ჯანდაცვის პირველად რგოლში. ეს აუცილებლად მოხდება და მისი კონტროლი და რეგულირება შეუძლებელი გახდება!
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია, საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაცია, საქართველოს ორთოდონტთა ასოციაცია თვლიან, რომ წარმოდგენილი სახით დენტალ-ჰიგიენისტის პროფესიის სტანდარტის განხილვის გაგრძელება არ არის მიზანშეწონილი. რაც საფუძველს გვაძლევს შემოთავაზებულ პროექტს მხარი არ დავუჭიროთ და დენტალ-ჰიგიენისტის სპეციალისტის მომზადება დღევანდელ ეტაპზე ნაადრევად მივიჩნიოთ!
თუმცა, დამსწრე სტომატოლოგებმა მხარდაჭერა აღუთქვეს უნარების სააგენტოს წარმომადგენლებს ყველა გონივრული ნაბიჯის განხორციელებაში, რაც საქართველოს სტომატოლოგიის განვითარებას და წინსვლას შეუწყობს ხელს. უმჯობესი იქნება, სახელმწიფოს მიერ ფინანსური რესურსი პროფესიული კადრების მომზადება-გადამზადების მიზნით მიმართულ იქნეს ისეთი კვალიფიკაციების დანერგვისა და ხელშეწყობისკენ, როგორიცაა მოთხოვნადი სპეციალობები: სტომატოლოგის ასისტენტი, სამედიცინო დანადგარების ტექნიკოსი და კბილის ტექნიკოსი.