ამა წლის 21 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიურ კლინიკაში ოდონტოლოგიის დეპარტამენტმა, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის მხარდაჭერით უმასპინძლა საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა ლიგის და European Visiting Program(EVP)-ის ფარგლებში განხორციელებულ ერთობლივ ღონისძიებას (ლექციების ციკლსა დავორქშოფებს) - EVP GEORGIA 2025. პროექტის მიზანია ახალგაზრდა სტომატოლოგების ერთმანეთთან დაახლოება, თემატური ლექციებისა და ვორქშოფების ჩატარება და სხვადასხვა სტომატოლოგიური სკოლების გამოცდილების გაზიარება დარგის წამყვან სტომატოლოგებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად.

საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა ლიგის დამფუძნებლები და წევრები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები არიან. ისინი ყოველწლიურად მართავენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დარგობრივ კონფერენციებსა და შეხვედრებს. 21 ივლისს ჩატარებული საერთაშორისო კონფერენციაც ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება იყო.

კონფერენციას სტუმრობდნენ იტალიის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ბულგარეთის, მოლდოვის,თურქეთის, რუმინეთის, უკრაინის და სლოვენიის სტომატოლოგიური სკოლების სტუდენტები.მათ ახლდათ EVP პროექტის კოორდინატორიც.

საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა ლიგის თხოვნით, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტმა, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარინა მამალაძემ საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრებთან, დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალთან ერთად აღნიშნული ღონისძიების ორგანიზება ითავა. მან გახსნა კონფერენცია, მიესალმა სტუმრებსა და ორგანიზატორებს და კბილთა თანამედროვე ენდოდონტიური მკურნალობის კონცეპტუალურ საკითხებს შეეხო. სტუმრები და ორგანიზატორები აღფრთოვანდნენ კარგად მოწყობილი და ორგანიზებული მასტერ-კლასით, რომელთაც უძღვებოდნენ კლინიკის დირექტორი, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ლია სანოძე და მოწვეული მასწავლებელი მანანა უსტიაშვილი.

კონფერენციის მეორე ნაწილში, თსსუ-ის ორთოდონტიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორის, ავთანდილ ბაქრაძის ლექცია გაიმართა, რომელიც სტომატოლოგიაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას შეეხო. პაროდონტოლოგიისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტის მოწვეულმა მასწავლებელმა ქეთევან ინჯგიამ კი, ლექცია წაიკითხა წითელი ბრტყელი ლიქენის სამკურნალო თანამედროვე მეთოდზე ორომუკოადჰეზიური მემბრანების გამოყენებით.

ვფიქრობ, ევროპელ სტუდენტებს დიდხანს ემახსოვრებათ ჩვენი უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის საუკეთესო გამოცდილება.