2025 წლის 18-22 ივნისს, ქ. ზალცბურგში (ავსტრია) სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის (International College of Dentists-ICD) 68-ე კონგრესი ჩატარდა. კონგრესის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან 13 სტომატოლოგი იყო მიწვეული, მათგან 6 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური და 3 მოწვეული მასწავლებელი. პირველ დღეს, როგორც საქართველოს დისტრიქტის რეგენტი და რეგენტთა საბჭოს წევრი, პროფესორი მარინა მამალაძე ევროპის სექციის რეგენტთა საბჭოს სხდომას დაესწრო. ჩვენთვის საამაყოა ის ფაქტი, რომ წელს პროფესორი მარინა მამალაძე აირჩიეს ICD-ის გლობალური მმართველობის საერთაშორისო კანცლერად , ვულოცავთ ქალბატონ მარინას ამ საამაყო და საპასუხისმგებლო წარმატებას.

(სრულად იხილეთ ბმულზე სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის (ICD) მმართველობის ორგანოში საერთაშორისო კანცლერად თსსუ-ის პროფესორი მარინა მამალაძე აირჩიეს ) (https://tsmu.edu/ts/news/stomatologTa_saerTaSoriso_kolegis_ICD_marTvelobis_organoSi_saerTaSoriso_kanclerad_Tsu_is_profesori_marina_mamalaZe_airCies/6590)

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი თემებიც, როგორიცაა მომავალი კონგრესების სამეცნიერო ფორმატი, სტომატოლოგიური განათლების ხელშეწყობა, ჰუმანიტარული აქტივობები, ახალ წევრთა შერჩევის კრიტერიუმები და სხვა. ძალიან საინტერესოდ წარიმართა სამეცნიერო დღეც, რომელიც სრულად დაეთმო ქალა-ქვედა ყბის დარღვევებს, მოვისმინეთ ლექციები თემაზე:

- საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქციის ფსიქიატრიული და ფსიქოსომატური ასპექტები - დრ. ქრისტა რადოსი;

- ვენის ოკლუზიური კონცეფცია (The Viennese Occlusal Concept) და მისი მნიშვნელობა სტომატოგნათიკური ორგანოს ფუნქციებისთვის - დრ. ევა ფიესლინგერსი და დრ. ასტრიდ სკოლკა;

- ეფექტური მიდგომა ჩაკეტილი სახსრების სტაბილური გადაჭრისთვის - დრ. პეტროს კოკკინოსი;

- კონდილარული სტაბილური პოზიცია - რატომ უნდა იზრუნოს ორთოდონტმა? –დრ. კლაუდია აიჩინგერ-პფანდლი;

ლექცია პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია, ასევე საინტერესო იყო ევროპელ სტომატოლოგთა გუნდის ჰუმანიტარულ აქტივობათა გაზიარებაც. კონგრესის ფარგლებში მოხდა ICD-ის ევროპის სექციაში ახალი წევრების მიღებაც. 68-ე კონგრესზე საქართველოდან 2 ახალი წევრი საზეიმოდ მივიღეთ, მათ შორის საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, კავკასიის მედიცინის ცენტრის ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ყბა-სახის ქირურგიის სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი, საქართველოს ყბა-სახის ქირურგთა ასოციაციის წევრი, მედიცინის დოქტორი თეონა დანელია და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრ უნიდენტის უპგ პროგრამების კოორდინატორი, ექიმი თამარ კუთხაშვილი.